25 აპრილი 2024,   23:09
ვრცლად
6 ხე ნებართვის გარეშე ამოთხარეს - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და გარემოს დაცვის მინისტრი სკანდალში ეხვევიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და გარემოს დაცვის მინისტრი დიდ სკანდალში ეხვევიან, მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის ხეებია - ჩაქვის ტყეში ათობით ნარგავი ისე გაჩეხეს და 6 ასწლოვანი ქაფურის ხე ისე ამოთხარეს, რომ ნებართვა გაცემული არ იყო.

18 იანვრით დათარიღებული ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აწერს, მთავრობამ 6 ასწლოვანი ხე 19 500 ლარად გაყიდა, ანუ თითოში ბიძინა ივანიშვილმა 3250 ლარი გადაიხადა.

დოკუმენტებით, რომელიც ხანგრძლივი მიმოწერის შედეგად აჭარის მთავრობიდან გაზეთმა ბათუმელებმა გამოითხოვა, ირკვევა, რომ ხეები ჯერ ამოთხარეს და ნებართვა შემდეგ გასცეს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აღნიშნავს, რომ თუ უკანონოდ იჭრებოდა ხეები, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, კი მედიასთან არ გამოჩენილა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ აჭარის მთავრობამაც და გარემოს დაცვის სამინისტრომაც კანონი დაარღვიეს და სახეზეა სისხლის სამართის დანაშაულის ნიშნები.

აჭარის უნიკალური ლანდშაფტისთვის ზიანის მიყენების პროცესს მწვავე შეფასებას ადგილობრივი არასამთავრობოებიც აძლევენ. ისინი ამბობენ, რომ ეკოსისტემა რეგიონში საგანგაშო მდგომარეობაშია, თუმცა, უფრო საგანგაშო ის ტენდენციაა, რომელსაც ხალხი გაჩეხილი და განადგურებული ტყეებივით თვალსაჩინოდ ვერ ხედავს.

ჩაქვში, 6-ის გარდა, 19 ძირი ქაფურის ხის მოჭრაზე თანხმობა ივანიშვილის კომპანია ატუს აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის ნოემბერში მისცა. ამის შემდეგ ოფიციალური უწყებებიდან არავინ დაინტერესებულა, ზუსტად რამდენიმე ხე მოჭრეს ამ ადგილას.

ხეების უკანონოდ მოჭრის შესახებ ანგარიშს და პასუხს ადგილზე ხელისუფლებას, პერიოდულად, მხოლოდ ადგილობრივი მედია და ოპოზიცია სთხოვს. გაჩეხილი ხეების ზუსტ რაოდენობას კი ხელისუფლება ასაიდუმლოებს.

 

 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები