21 დეკემბერი 2024,   20:09
ვრცლად
"შაბათის კურიერში" გასაჯაროებული ვიდეომასალა - შეფასებები ოპოზიციაში

შაბათის კურიერში გასაჯაროებულ ვიდეომასალას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური სპექტრიდან. ოპოზიციაში საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო. პირველ რიგში უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ წამებაში. ასევე, რეაგირებაა საჭირო სახალხო დამცველის, ადამიანის უფლებების დამცველების. ქართულ ჯარში მსგავსი ფაქტები პირდაპირ ანგრევს საქართველოს უსაფრთხოებას  და ასევე უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ქართულ ჯარზე, შინაგან ჯარზე, შინაგან განაწესზე, დისციპლინაზე და ამ მეთაურების შერჩევაზე, რომლებიც აწამებენ წვევამდელებს,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

აღნიშნულ ვიდეო მასალაში აღბეჭდილ შემთხვევაზე სერიოზული გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროფესიულ ჯარზე უნდა გადავიდეთ და ეს იყო დეკლარირებული ამოცანა და ეს პროცესი აბსოლუტურად შემოტრიალდა და ჩიხში შევიდა. ეს ხედვის არ არსებობა და ზოგადი ატმოსფერო ჯარში, რა თქმა უნდა, წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარდეს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

შაბათის კურიერის მიერ გასაჯაროებულ კადრებში, რომელიც ბექა რუსიას ტელეფონში რამდენიმე თვის განმავლობაში ინახებოდა, ჩანს არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები მეთაურის მხრიდან. ვიდეო მასალაში ჩანს, როგორ უსწორდებიან საგუშაგოზე ერთ-ერთ ახალგაზრდას და შემდეგ ხევში აგდებენ.

ვიდეო-მასალა, სავარაუდოდ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავად მოკლულმა ჯარისკაცმა, ბექა რუსიამ, გადაიღო. 

დღის ამბები