21 დეკემბერი 2024,   19:48
ვრცლად
თბილისში 23 წლის ტრანსგენდერი ქალი ცემეს

თბილისის ცენტრში ტრანსგენდერ ქალს სასტიკად გაუსწორდნენ. შემთხვევა გამთენიისას, ვაკის პარკთან მოხდა. 23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული.

დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელი მამაკაცი იყო, რომლის გაღიზიანებაც მირანდას გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია.

მირანდა ფაღავა ამბობს, რომ საქართველოში ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ამიტომ იძულებულია, ქვეყანა დატოვოს.

"უმაღლესი განათლება მაქვს. კიდევ მინდოდა იურიდიულზე ჩამებარებინა და ამ კუთხით მქონოდა კარიერა. თუმცა, ყველაფრიდან გამომდინარე, რომ საქართველში, თითქმის, ყოველ დღე ვხდები ძალადობის მსხვერპლი, ანუ აგრესიას გამოხატავენ ადამიანები ჩემს მიმართ, ჩემი გენდერული იდენტობის გამო. იმის გამო, რომე მე სამსახურის საშუალება არ მეძლევა, მიუხედავად განათლებისა და გონებრივი შესაძლებლობებისა, როგორც კი ეს საქმე დაიხურება, უახლოეს მომავალში ვაპირებ, რომ ლტოლვილის სტატუსით ჩავბარდე ევროპის რომელიმე ქვეყანაში და გავერიდო, რადგან მე უკვე არ მაქვს იმის ძალა, რომ ამდენი გაბოროტებული ადამიანის წინააღმდეგ ვიბრძოლო,“ - განაცხადა მირანდა ფაღავამ და აღნიშნა, რომ სიტუაციის განმუხტვა მოახერხა იმ ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ის ადგილზე მიიყვანა.

მირანდა ფაღავა ყვება იმასაც, რომ მან დახმარება სთხოვა ინციდენტის ადგილზე არსებულ მაღაზიის პერსონალს, რაზეც უარი მიიღო.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მომხდარს სახელმწიფოში არსებულ არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ.

„დღევანდელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა აგრესია და ზიზღია საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების მიმართ. განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალების მიმართ. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი - სახელმწიფომ უნდა გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები და პირველ რიგში, ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიოს ობიექტურად. ეს არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ შესაბამისად,“ - განაცხადა თანასწორობის მოძრაობის იურისტმა, მარიამ კვარაცხელიამ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები  ლგბტ ადამიანების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში სახელმწიფოს გულგრილობაში ადანაშაულებს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ასევე ამოღებულია ქუჩის კამერების ჩანაწერები.

დღის ამბები