უცხოელი ტურისტები ღამის კლუბ ოთახის პერსონალს თაღლითობაში და თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. მათ შორის არის ბრიტანელი წყვილი, რომელიც ამ დრომდე ინახავს 5000 ლარის ელექტრონულ ქვითარს იმ იმედით, რომ თანხას დაიბრუნებს.
ბრიტანელი ყვება, რომ კლუბში 15 წუთი შევიდა, თუმცა, იმის გამო, რომ გარემო არ მოეწონა, მისი დატოვება გადაწყვიტა და ანგარიში მოითხოვა. მისი კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან კლუბმა 1400-ზე მეტი გირვანქა სტერლინგი ჩამოჭრა. მას შემდეგ, რაც ღამის კლუბის სტუმარმა ანგარიშის ოდენობა გააპროტესტა, მისი მტკიცებით, ბარის ადმინისტრაციამ დაცვის პოლიცია გამოიძახა და დაემუქრა. ბრიტანეთის მოქალაქეს, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი.
ღამის კლუბ ოთახის მენეჯერი კი ამტკიცებს, რომ ერთმა ბრიტანელმა 15 წუთში 5000 ლარის ღირებულების სასმელის დალევა მოასწრო, თუმცა, რომელი სასმელია ამ ღირებულების, ამის დასახელება უჭირს.
ბრიტანელი კრისი ღამის კლუბ ოთხის ერთადერთი მსხვერპლი არ არის. ლაუნჯ-ბარის წინააღმდეგ, რომელიც შპს ქართული ოცნების სახელზეა რეგისტრირებული, პრეტენზიებს ღიად აფიქსირებს ყატარის მოქალაქე, მუჰამედ ნადიმიც.
2 თვის წინ მუჰამედი ახვლედიანის ქუჩაზე ბარში მეგობართან ერთად ჩავიდა. ყვება, რომ 5 ლუდი და 4 კოქტეილი შეუკვეთა, თან ისე, რომ მენიუში მათი ფასები წინასწარ ნახა. ყატარის მოქალაქე ამტკიცებს, რომ მან 290 ლარის ღირებულების სასმელი შეუკვეთა, თუმცა საბოლოოდ 1500 ლარის გადახდა მოუწია.
მისივე მტკიცებით, ამავე კლუბში მასთან ახალგაზრდა გოგონები მივიდნენ და სასმელზე დაპატიჟება სთხოვეს. მოგვიანებით გაარკვია, რომ ეს გოგონები კლუბის თანამშრომლები არიან.
მუჰამედ ნადიმის თქმით, მას ეს თანხა თან არ ჰქონდა, რის გამოც ის და მისი მეგობარი ჯერ დაცვის თანამშრომლებთან ჩაიყვანეს, სადაც მათ უყვიროდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, თანხის ნაწილის გადახდის შემდეგ კი მას მობილური ტელეფონი წაართვეს.
ძველი თბილისის პოლიციას პრეტენზიით რამდენიმე უცხოელმა უკვე მიმართა.