21 დეკემბერი 2024,   19:47
ვრცლად
P.S-თვის მიწოდებული ჩანაწერები - ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ნორმებს არღვევენ

ავიახომალდების გადაადგილების ჩანაწერების მიხედვით, რომელიც ანონიმურმა წყარომ პოსტს სკრიპტუმს მიაწოდა, ირკვევა, რომ რამდენიმე ქართული ავიაკომპანია, სავარაუდოდ, უხეშად არღვევს უსაფრთხოების ნორმებს და მფრინავებს ზოგჯერ შეუსვენებლად და ზენორმატიული დატვირთვით ამუშავებს. ეს კი რისკის ქვეშ აყენებს ამ საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებასაც და მთლიანად ქვეყნის ავიაციის ბედს.

ერთ-ერთი პილოტის  მიერ გამოგზავნილი ასობით ჩანაწერი, რომელიც 2015-16 წლების პერიოდს მოიცავს, HUB Georgia-ში გაანალიზეს, სადაც დაასკვნეს, რომ ქართული დროშით რეგისტრირებული ხომალდების არც ერთ დარღვევაზე მთავარ მაკონტროლებელ ორგანოს - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რეაქცია არ ჰქონია.

როგორც ანონიმი წყარო ამტკიცებს, მან დარღვევების შესახებ 2017 წლის დეკემბერში თავადვე აცნობა სააგენტოს ხელმძღვანელს, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

სააგენტოს უფროსის, გურამ ჯალაღონიას, სახელი ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ხმაურიან საქმეს დაუკავშირდა. მათ შორის, არსებობს ეჭვი, რომ უწყების მაღალჩინოსნები საქმიანი შეხვედრების ორგანიზებაში ინვესტორებისგან ფულს ითხოვდნენ.

წყაროს ინფორმაციით, დოკუმენტების წარმოება ორმაგად ხდებოდა - ერთი რეალური იყო, შიდა მოხმარებისთვის, რომ ზედმეტად ნამუშევარი საათები პილოტებისთვის აენაზღაურებინათ, ხოლო მეორე - შეცვლილი დოკუმენტი სააგენტოში მიდიოდა, რომ არავის ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა.

ავიაკომპანიაში წარმოდგენილ მასალას არ ენდობიან და ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობენ და არც ერთ მფრინავს მათთან ზედმეტი საათი არ უმუშავია.

წყარო ამტკიცებს, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნები თბილისში, დუმილის სანაცვლოდ, ფულს იღებენ.

HUB Georgia-ს ინფორმაციით, სავარაუდო შუამავალი წარსულში ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მაღალჩინოსანი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ სახეზეა კორუფცია.

უახლოეს დღეებში სავარაუდო დარღვევების შესახებ შეგროვებული დოკუმენტაცია საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნება.

ავტორი: მიშა სესიაშვილი.

დღის ამბები