მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, გიორგი მარგველაშვილს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდეგ განუცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები არ ჰქონია.
„გასაგებია, რომ ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო, თუმცა ჩემთვის რამდენად საინტერესოა განსხვავებული სპექტრის ოპოზიციური პარტიები, მათი შეხედულებები, წინა პოლიტიკური საქმიანობა, მომავალი გეგმები, ამის თაობაზე შეგვიძლია მერე დეტალურად ვისაუბროთ. ჯერჯერობით არც არავისთან ყოფილა ამაზე კომუნიკაცია, იქიდან გამომდინარე, მე თვითონ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.