26 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმაურიანი სხდომა - საბჭოს წევრები პრეზიდენტს ღიად დაუპირისპირდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები საქართველოს პრეზიდენტს დღეს ღიად დაუპირისპირდნენ.

უკმაყოფილება და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამ გამოიწვია. ანა დოლიძემ, რომელიც საბჭოში სწორედ პრეზიდენტის წარდგენილია, განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, ნარჩენებისგან უნდა გაიწმინდოს, რამაც საბჭოს წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

იუსტიციის საბჭოს წევრები თვლიან, რომ გიორგი მარგველაშვილმა მისი საპარლამენტო მდივანი საბჭოში ერთადერთი მისიით მიავლიან - შიგნიდან ააფეთქოს სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.

ვითარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმეების მოსამართლე გიორგი გოგონაშვილი საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე შევიდა. გოგინაშვილმა გასაუბრებიდან პრეზიდენტის დანიშნული საბჭოს წევრის, ანა დოლიძის, აცილება მოითხოვა და არგუმენტად დოლიძის მიერ მოსამართლეების კრიტიკა დაასახელა. ხმაურიანი გარჩევის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, დოლიძე გასაუბრებიდან ააცილეს და დარბაზი დაატოვებინეს.

იუსტიციის საბჭო დღეს 17 კანდიდატს გაესაუბრა. მათ შორის სხვადასხვა რეზონანსული და რუსთავი2-ის საქმის განმხილველები მოსამართლეებიც იყვნენ. ნათია გუჯაბიძე ამბობს, რომ დღესაც ამ საქმესთან დაკავშირებით იგივე პოზიცია აქვს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ პროცესებს დღეს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. ის, როგორც ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს და მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლების ერთ-ერთი მაგალითი სწორედ რუსთავი2-ის საქმეა.

ამავე თემაზე
დღის ამბები