22 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
აფგან მუხთარლი მისი გატაცების სქემას და სავარაუდო, დამკვეთ პირებს ასახელებს

„ეს მოხდა კვირიკაშვილის სანქციით და ალბათ, ბრძანებით,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ P.S.-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. აფგან მუხთარლის თქმით, მისი საქართველოდან გატაცების საქმეში მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მისი გატაცებას P.S.-თან იხსენებს და ამბობს, რომ მას სამი პიროვნება დაესხა თავს. მისი თქმით, მის გამტაცებლებს ქართული კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ.

აფგან მუხთარლის თქმით, მან სამი მანქანა გამოიცვალა და როდესაც თავზე დაფარებული ტომარა მოხსნეს, ის უკვე აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სასაზღვრო სამმართველოში.

ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ფულის კონტრაბანდას ედავებიან.

ქართული მხარე აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებების გასაკეთებლად გონივრული ვადის გასვლას ელოდება.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეგობარი, ჰადიჯა ისმაილოვა აფგან მუხთარლის გატაცებას დასავლეთ ევროპაში 80-იანი წლების პერიოდს ადარებს, როდესაც ირანის სპეცსამსახურები დისიდენტებს იტაცებდნენ და კლავდნენ. მისი თქმით, აზერბაიჯანში 145 პოლიტპატიმარია, საიდანაც 11 ჟურნალისტია.

ჰადიჯა ისმაილოვა სტატიაზე საუბრობს, სადაც დასახელებული ყველა პირი თითქმის დააკავეს.

„აფგანის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე ვებ-გვერდზე haqqin.az გაჩნდა სტატია, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ეხებოდა, ამ ვებ-გვერდს ავ მაცნეს ვუწოდებთ, აქ თუ გახსენეს, დაგიჭერენ. სტატია ვითომ, ხსნიდა აზერბაიჯანული ოპოზიციის თბილისიდან კოორდინაციის მექანიზმს, ლიდერებად დასახელებულები იყვნენ აფგანი, სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, გოზელ ბაირამლი, ჟურნალისტი ილგარ ვალიევი და ფარმან ჯეირანოვი, კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი თბილისში,“ - განაცხადა ისმაილოვამ.

ჰადიჯა ისმაილოვას თქმით, მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აზერბაიჯანის მთავრობა მილიონობით დოლარს ხარჯავს მსოფლიოში პოლიტიკოსების მოსასყიდად.

„ახლა უკვე გამოსაძიებელია, რა პირადი დაინტერესება აქვთ თქვენი ხელისუფლების წევრებს იმ ბინძურ ფულში, რომელსაც აქაური ოლიგარქები საქართველოში აბანდებენ,“ - განაცხადა ჟურნალისტმა, ჰადიჯა ისმაილოვამ.

აფგან მუხთარლის საქმე უკვე სტრასბურგშია გადაგზავნილი. ჟურნალისტი ორ სახელმწიფოს, აზერბაიჯანს და საქართველოს, უჩივის.

მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. აფგან მუხთარლის სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები