25 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ - აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშს ანალიტიკოსები იზიარებენ

ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ანგარიშს ამერიკელი ანალიტიკოსები და უსაფრთხოების სპეციალისტები იზიარებენ.

დოკუმენტში გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების გაფართოებას სხვადასხვა ინსტიტუტის შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს, ექსპერტები მიჰყავს დასკვნამდე, რომ ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება.

 „მაღელვებს ის რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მთელი ყურადღება გადატანილი აქვს ძალაუფლების შენარჩუნებასა და კონსოლიდირებაზე, არ გააჩნია ხედვა რისი გაკეთება სურს ამ ძალაუფლებით. მთავრობაში მყავს მეგობრები და მინდა, წარმატებებს მიაღწიონ, რადგან თუ წარმატებებს მიაღწევენ, ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის. მაგრამ ქართულ ოცნება ვერ გარკვეულა რა უნდა იყოს ნამდვილი მიზანი. რომ ის უნდა გაუძღვეს ქვეყნის დემოკრატიისა და პროგრესის გზას, მის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ გაერთიანებებში. მაღელვებს ისიც, რომ შიდა პოლიტიკური ვითარების გამო მთავარი მიზნები მნიშვნელობას კარგავს,“- განაცხადა მაიამის უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ კრამერმა.

ანალიტიკოს პოლ კრიგოს აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რასაც შესაძლოა, საფრთხეების განსაზღვრაში აქცენტების დასმა გამოეწვია, საქართველოს პრეზიდენტის ძალაუფლების დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯები შეიძლება, ყოფილიყო.  

„პრეზიდენტის უფლებამოსილების დაკნინება არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ სხვა პარტიებთან ურთიერთობის საკითხი. ეს არის უფლებამოსილების გადანაწილების თემაც. პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, რაც ნიშნავს რომ მას იგივე უფლებამოსილება ექნება, როგორიც ისრაელში ან გერმანიაში აქვს პრეზიდენტს. გიორგი მარგველაშვილს მცირე უფლებამოსილება დაუტოვეს. მაგრამ მას ვეტოს გამოყენების უფლებაა მაინც აქვს, შეუძლია ტელევიზიით გამოვიდეს და თქვას - ეს არ მომწონს. სხვა საქმეა შედეგი ჰქონდა თუ არა მის ასეთ პოზიციას. მაგრამ ეს ნიშნავს განსხვავებული ხმის არსებობას, რაც აღარ იქნება. შეიძლება შეცდომა დაუშვან და აირჩიონ სხვა, რომელიც ისევ მათ წინააღმდეგ წავა,“- განაცხადა პოლ კრიგომ.

ბორის ნემცოვის მშვიდობის ფონდის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კარა-მურზამ რუსეთის ფედერაციაში ძალაუფლების ხელში მოქცევასა და ქვეყნის გარეთ მოსკოვის აგრესიაზე ილაპარაკა.

„დღევანდელი რუსეთი შიდა რეპრესიებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ აგრესიას ერთდროულად აწარმოებს. როდესაც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ძალაუფლების კონსოლიდირება რუსეთში დასავლეთში ბევრმა ლიდერმა თვალი დახუჭა. როდესაც ქვეყანა პატივს არ სცემს საკუთარ კანონებს და არღვევს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს, ის არ დაიცავს არც საერთაშორისო ნორმებს და არც სხვა ქვეყნის ინტერესებს. პოსტ საბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ურთიერთკავშირშია. თუ პროგრესს მივაღწევთ, ეს ყველას პროგრესი იქნება. თუ უკუსვლით წავალთ, ეს რეგიონში ყველას დააზარალებს. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმედისმომცემი ნამდვილად არ არის. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ. დადგება დრო როდესაც საქართველოც, უკრაინაც და რუსეთიც წარმატებული, დემოკრატიული ქვეყნები გახდებიან, სადაც კანონის უზენაესობა და საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაცული იქნება,“- განაცხადა კარა-მურზამ.

 

დღის ამბები