20 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზეწოლაზე ალაპარაკდა და დავით მამისეიშვილი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზეწოლაზე ალაპარაკდა.

ირაკლი შავაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის მიზეზად ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაპირისპირებას ასახელებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ დავით მამისეიშვილი მას მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

„სურვილი ჰქონდა, რომ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მივიღებდი, მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება და მე დარბაზში გამომეცხადებინა. ჩემთან საუბარშიც და სხვა მოსამართლეებსაც ხშირად ასმენინებდა, რომ ლევან მურუსიძე, ისევე ლევან თევზაძე მისი შვილების ნათლიები იყვნენ, მათთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მემუქრებოდა მათით, რომ, თუ რამე მასე არ იქნებოდა, როგორც მას უნდოდა, მე ცოდვა დავრჩებოდი იმიტომ, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან,“ - განაცხადა ირაკლი შავაძემ.

ირაკლი შავაძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მზად არის, დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ კონკრეტულ ფაქტებზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ჩვენება მისცეს.

"მის ქმედებაში არის უფლებამოსილების, მე ასე ვფიქრობ, გადამეტების და ბოროტად გამოყენების, ეს არის სამოხელეო დანაშაულებები. მე ამ მხრივ მზად ვარ, რომ მივაწოდო შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია," - აღნიშნა ირაკლი შავაძემ. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ მოსამართლე წევრს დავით მამისეიშვილთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მე რომ მქონდა ეს მოლოდინი, რომ ამის გამო არ დამნიშნავდნენ, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს შევხვდი, ავუხსენი, საიდან მოდიოდა ჩემ მიმართ მისი დაპირისპირება. ვუთხარი, თუ  არ მოხდებოდა ჩემი უვადოდ იმის გამო გამწესება, რომ ასე დავით მამისეიშვილს სურდა, ასეთ შემთხვევაში მე თავს არ დავხრიდი და ჩემი მხრიდან პასუხები იქნებოდა. ის, რაც მე ტელევიზიით ვისაუბრე, ამ თემაზე მე მასთან ნასაუბრები მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანი იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს ამ ინფორმაციას მიაწვდიდა,“ - განაცხადა ირაკლი შავაძემ.

ირაკლი შავაძე კონკრეტულ საქმეს ასახლებს, რის შემდეგაც მას დავით მამისეიშვილთან ურთიერთობა დაეძაბა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თქმით, 2015 წელს ქობულეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის - ართმელაძის საქმის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მას დაუპირისპირდა.

„ამის ძირი საიდანაც დაიწყო, ეს იყო ართმელაძის საქმე იმიტომ, რომ პირადად იყო ის გაბრაზებული ართმელაძის დაზე, ართმელაძის ადვოკატზე, რომ კონფერენციაზე რაღაც პლაკატები გამოფინეს და მე არც ვიცოდი ამ პლაკატების თაობაზე. მაგრამ მან მითხრა, რომ მე პატიმრობა უნდა შემეცვალა მისთვისო და იმიტომ არ შევუცვალე, რომ ასეთი რაღაც მოხდა და შენც არ შეუცვალოო. მე ვიცოდი მისი ხასიათი, რაოდენ გაბრაზებული იყო და ის მომენტი იყო, როცა ადვოკატები პროცესზე არ ესწრებოდნენ, რომ უფრო არ გაზრდილიყო მისი ბოღმა, ვისარგებლე ამ შემთხვევით და ადვოკატები რომ არ იყვნენ, მაშინ შევუცვალე აღკვეთის ღონისძიება. მიუხედავად ამისა, რომ ეს კაცი გარდაიცვალა მერე, თავი ჩამოიხრჩო, ეს ბოღმა მას არ გაუნელდა ჩემს მიმართ. ფაქტობრივად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლიდან ორი დღის მერე ის მე უკვე აღარ მელაპარაკება. ეს რაც აქ ხდებოდა და ეს, რაც ამათ უკადრებელი იკადრეს და ისეთი საჩივრები წერეს ჩემზე და აბსოლუტურად რომ მართალი ვარ მე, ამიტომ ვთხოვე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩემი ადვოკატირება რომ გასწიონ, რომ რეალურად საზოგადოება დაინახავს, რა ხდება,“ - განაცხადა ირაკლი შავაძემ.

დღის ამბები