16 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
უელსი-საქართველო მატჩის გამოხმაურება - "მწვრთნელმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა, წაგება არ შეიძლებოდა"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ კარდიფში უელსის ნაკრებთან ფრედ (1:1) ითამაშა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი ქულა მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელებმა შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარეს და მოგებაც თავისუფლად შეეძლოთ, თუმცა არ გაგვიმართლა. გთავაზობთ მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს. დავიწყოთ უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კრის კოულმენის განცხადებით.

"ხალხი მიიჩნევს, რომ 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ უფრო მოვიპოვეთ ქულა. ოთხ დღეში ორი შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ეს არ გვამართლებს - უკეთ უნდა გვეთამაშა. მეორე ტაიმში ისე განვითარდა მოვლენები, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, წაგვეგო. გაშვებული გოლის შემდეგ შეტევა ვცადეთ, მაგრამ მეტოქისგან რამდენიმე კონტრშეტევა მივიღეთ," - განაცხადა კოულმენმა.

თორნიკე ოქრიაშვილის თქმით, შესვენების დროს ფეხბურთელებზე ვლადიმერ ვაისის სიტყვებმა იმოქმედა.

"ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, მაგრამ შესვენების დროს ვაისმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა, უნდა გამოვსულიყავით და დაგვემტკიცებინა ჩვენი შესაძლებლობები, წაგება არ შეიძლებოდა. მოხარული ვარ 1 ქულის მოპოვებით, მაგრამ ჩემი აზრით, ბოლო 2 თამაშში მინიმუმ 4 ქულას მაინც ვიმსახურებდით. სამწუხაროდ, ასე მოხდა, საქართველოში კი მოლდოვას წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ," - განაცხადა გოლის ავტორმა.

შეხვედრის შემდეგ თავისი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი იყო ვლადიმერ ვაისიც.

"ვინმეს თამაშამდე რომ ეკითხა, კმაყოფილი ვიქნებოდი თუ არა უელსთან მოპოვებული ქულით, ვეტყოდი, რომ ეს ფანტასტიური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ გვაქვს უფლება უკმაყოფილონი ვიყოთ და ვთქვათ, რომ 1 ქულაზე გული დაგვწყდა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. პირველი 30 წუთი ცუდი იყო, რომლის მანძილზეც არაერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ.

საკუთარ მოედანზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ ამას ვგრძნობთ. სამი მატჩის შემდეგ 1 ქულა გვაქვს, მაგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და მე ამ ბიჭებით ძალიან ვამაყობ," - განაცხადა სლოვაკმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მესამე ტურის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფს 7 ქულით სერბეთის ნაკრები ლიდერობს. საქართველო ერთი ქულით მეხუთე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერს საკუთარ მოედანზე, მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

 

მომზადებულია sportall.ge-ს მიხედვით.

დღის ამბები