16 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
ქართული დერბი ესპანურ ლიგაში - შენგელია VS შერმადინი და ბურჯანაძე

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ქართული დერბი" გაიმართა. თორნიკე შენგელიას ბასკონიამ გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ანდორას უმასპინძლა და შეხვედრის გამორჩეული მოთამაშეებიც სწორედ ქართველები იყვნენ. თამაში ბასკონიას გამარჯვებით 95:77 დასრულდა.

ვიტორიული გუნდის ქართველმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ, არასრული 27 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.  ამ მაჩვენებლებით მან საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ამდე გაზარდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ შედეგით შენგელიას ტურის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულის მოპოვების შანსიც აქვს.

ანდორას რიგებშიც საუკეთესოები ქართველები იყვნენ. გიორგი შერმადინმა  22:27 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა და ამ მაჩვენებლით გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ბექა ბურჯანაძემ კი 21:18 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა.

3 მოგებითა და 1 მარცხით შენგელიას გუნდი მე-4 ადგილზეა, ხოლო შერმადინი-ბურჯანაძის ანდორას 3-დან 2 მოგება აქვს და მე-5 პოზიცია უკავია.

 

წყარო: GBF.ge

დღის ამბები