საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და გოლდენ სტეიტის ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში ახალი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
ოკლაჰომასთან დაპირისპირებაში ფაჩულია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 3 დაფარება, 3 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ შეხვედრა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა - ანუ 4-დან ოთხივე ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
გოლდენ სტეიტმა კი დასავლეთ კონფერენციაში აქამდე წაუგებელი ოკლაჰომა 122:96 დაამარცხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ოკლანდელების ფორვარდი კევინ დიურანტი იყო, რომელმაც ყოფილ კლუბთან 39 ქულა მოაგროვა. 21 ქულით და 7 პასით დაასრულა შეხვედრა სტეფ კარიმ, ხოლო კლეი ტომპსონმა 18 ქულა მიითვალა.
4 მოგებითა და 1 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის პირველ სამეულში იმყოფება. მომდევნო მატჩს ოკლენდელები ლეიკერსის წინააღმდეგ გამართავენ.