დღეს გამთენიისას გოლდენ სტეიტმა სტუმრად დენვერ ნეგეტსი 125:101 დაამარცხა. ზაზა ფაჩულიამ კი ჩაჭრების მხრივ მატჩის საუკეთესო და პირადსარეკორდო შედეგი დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 4 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა მიითვალა. მას შემდეგ, რაც ფაჩულია ახალ გუნდში გადავიდა, 7 საგამფენო და რეგულარული ჩემპიონატის 8 მატჩში ზაზას 2-ზე მეტი ჩაჭრა არ ჰქონია - დღეს კი დენვერში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა დაცვაში შესანიშნავად იასპარეზა.
ფაჩულიას კარგი დაცვითი თამაშის წყალობით დენვერელთა ახალგაზრდა პერსპექტიული ცენტრი, ბოსნიელი იუსუფ ნურკიჩი განეიტრალდა, ხოლო პერიმეტრიდან ოკლენდელებმა მეტოქე აშკარად დაჩაგრეს. სტეფ კარიმ 7 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 33 ქულით დაასრულა. კლეი ტომპსონმა 19, ხოლო კევინ დიურანტმა კი 18 ქულა მოაგროვა.
7 მოგებითა და 2 მარცხით გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ოქროს შტატელები 14 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ფინიქსის წინააღმდეგ გამართავენ.