16 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
შოტლანდიის ნაკრების ქართული საფრთხე - უცხოური მედიის გამოხმაურება ბორჯღალოსნების მომავალ თამაშზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და შოტლანდიის მომავალ მატჩს წერილი მიუძღვნა telegraph.co.uk-მა. 

"შოტლანდიის ნაკრები ახლა რეიტინგში მე-7 ადგილზეა და თუ ექვსი ერის გათამაშების დასრულებისას საუკეთესო რვა გუნდში შეინარჩუნა ადგილი, 2019 წლის მსოფლიოს თასის წილისყრისას განთესილთა შორის მოხვდება. ერთადერთი ცუდი ამბავი შოტლანდიელებისთვის ისაა, რომ ფეხი დაიშავა შუამარბმა ჰიუჯონსმა და შესაძლოა, კილმარნოკში ქართველების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ამასთან ერთად, ნარშავების ახალზელანდიელმა თავკაცმა ვერნ კოტერმა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში თითქმის 30 ათასი მაყურებლის თანდასწრებით სამოას ეროვნულ გუნდს 20:16 მოუგო. 

საქართველოს ნაკრების მორაგბეებისგან 16 ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ამათგან 13 მორკინალია. მათი თამაშის სტილი შერკინების დინამიკური თამაშია, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელია. მათ ორჯერ შეძლეს სამოას შერკინების ლელოში შეყვანა. შოტლანდიელებს აქვთ შანსი, რომ ნოემბრის ტესტები მოგებით დაასრულონ, თუმცა მათი თავკაცი ვერნ კოტერი ყველას აფრთხილებს, რომ ბორჯღალოსნებთანაც მძიმე მატჩი ელით.

"საქართველომ ახლახან სამოა დაამარცხა. ეჭვი არ შეგეპაროთ, მათთან მატჩი ძალიან რთული იქნება. ძალიან კარგად ვიცნობ ქართველთა მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს. მან ძალიან კარგად იმუშავა. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მათ თავის გამოჩენა სურთ, რადგან ექვს ერში თამაშის პრეტენზია აქვთ. სამოასთან მატჩი უკვე ვნახეთ და ილუზიები არ გვაქვს, რას შეიძლება ველოდოთ კილმარნოკში. რაგბი საქართველოს ნომერ პირველი სპორტია, ის ეროვნული სპორტია ამ ქვეყანაში. ამიტომ მძიმე მატჩი გარანტირებულია," - განაცხადა ვერნ კოტერმა. 

საქართველოს ნაკრებს დამარცხებული ჰყავს რუმინეთი, კანადა, აშშ, ტონგა, სამოა, ფიჯი და იაპონია. ახლა პირველი დონის ქვეყნების დამარცხების ჯერია. 2007 წლის მსოფლიოს თასზე ქართველები ახლოს იყვნენ ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გამარჯვებასთან. მათი მორაგბეები ძლიერი ბიჭები არიან და ძალისმიერ სათამაშო სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ამით მათ შეუძლიათ შოტლანდიელებს ისეთივე პრობლემები შეუქმნან, როგორიც არგენტინამ გასულ უქმეებზე. მასპინძლები პუმებთან მატჩში შერკინებისას 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა, გამარჯვება მაინც სკოტებს დარჩათ".

შოტლანდიური მედია კი ეროვნულ ნაკრებს ყურადღებისკენ და მეტი კონცენტრაციისკენ მოუწოდებს. "ქართული საფრთხე," - სწორედ ასე დაასათაურა ერთ-ერთმა გამოცემამ მოახლოებული მატჩი. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოს ნაკრები არგენტინის მსგავსად ძალიან საშიში გუნდია და მათ წინააღმდეგ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.   

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კილმარნოკში თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.

 

მომზადებულია sportall.ge-ს მასალების მიხედვით.

დღის ამბები