მსოფლიო და საფეხბურთო სამყარო დაღუპულ ფეხბურთელებს და ადამიანებს გლოვობს. დღეს დილით თვითმფრინავმა რომელიც ბრაზილიიდან კოლუმბიის მიმართულებით მიფრინავდა ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე 81 ადამიანი იმყოფებოდა - 72 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 6 ადამიანი გადარჩა: 2 პერსონალის წარმომადგენელი, 1 ჟურნალისტი და 3 ფეხბურთელი.
ბრაზილიური კლუბი შაპეკოენსი სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ შეხვედრაში ატლეტიკო ნასიონალს უნდა დაპირისპირებოდა. "ბრაზილიური ლესტერი" - ასე მოიხსენიებს შაპეკოენსის ბოლო წლების წარმატებას უცხოური მედია. 2009 წელს კლუბი ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის D ლიგაში ასპარეზობდა, 2012 წელს C ლიგაში, 2013 წელს კი B ლიგაში. 2014-ში შაპეკოენსემ პირველად იასპარეზა A ლიგაში. ზუსტად 5 დღის წინ კი სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და წარმატება გუნდის გასახდელში ემოციურად აღნიშნეს.
ფინალში გასვლის შემდეგ შაპეკოენსის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა - "თუ დღეს მე მოვკვდები, მოვკვდები როგორც ბედნიერი ადამიანი".
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავით, რომელმაც კატასტროფა განიცადა, 20 დღის წინ არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმაც იმგზავრა.