16 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
1 დღე ტრაგედიიდან - შაპეკოენსე მეტოქის თხოვნით ტიტულს მიიღებს

29 ნოემბერს ქალაქ მედელინთან ახლოს ავიაკატასტროფა მოხდა. თვითმფრინავში 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ავარიას მხოლოდ 5 ადამიანი გადაურჩა.  

თვითმფრინავში იმყოფებოდნენ შაპეკოენსეს ხელმძღვანელები, სამწვრთნელო შტაბის წევრები, ჟურნალისტები, მიწვეული პირები. გუნდი კოპა სუდამერიკანას ფინალის სათამაშოდ  კოლუმბიაში მიფრინავდა, სადაც ატლეტიკო ნასიონალს უნდა დაპირისპირებოდა.

ბრაზილიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟთან კონტაქტი აეროპორტამდე 30 კილომეტრის მანძილზე შეწყდა. ბოლოს პილოტები თვითმფრინავის ელექტროხელსაწყოების გაუმართავ მუშაობას იტყობინებოდნენ. არსებობს ვერსია, რომ კატასტროფა ბენზინის სიმცირემ გამოიწვია.  

მედიაში ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ზოგი ვერსიით, 6 ადამიანი გადარჩა, ზოგი ვერსია 10 ადამიანს ასახელებს (5 გადარჩენილია ჯერჯერობით დადასტურებული). ფაქტია, რომ ლა სეხას საავადმყოფოში მიიყვანეს შაპეკოენსეს მცველი ალან რუშელი. ის სტაბილურ მდგომარეობაშია. ამბობდნენ, რომ გადარჩა მეკარე დანილო პადილიაც, მაგრამ ის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გადარჩა მეორე მეკარე ჯექსონ ფოლმანი, რომელსაც ექიმებმა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. თავის უმძიმესი ტრავმით ჰოსპიტალშია მცველი ნეტუ. გადარჩენილია გამცილებელი ქალი ხიმენა სუარესი, ჟურნალისტი რაფაელ ჰენცელი და ავიატექნიკოსი ერვინ ტუმერი.

აღსანიშნავია, რომ შაპეკოენსეს 9 ფეხბურთელი კლუბმა სხვადასხვა მიზეზების გამო ფინალის სათამაშოდ არ წაიყვანა და ბრაზილიაში დატოვა. ასევე, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კაიო ჟუნიორის ვაჟი თვითმფრინავში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან აეროპორტში აღმოაჩინა, რომ პასპორტი თან არ ჰქონდა, შესაბამისად გუნდის სხვა წევრებთან ერთად ვერ გაფრინდა.

ბრაზილიაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული. ჩემპიონატის ბოლო ტური 11 დეკემბრისთვის გადაიდო. ფინალის მეორე მონაწილემ კოლუმბიურმა ატლეტიკო ნასიონალმა გამოთქვა ინიციატივა, რომ თასის გამარჯვებულად შაპეკოენსე გამოცხადდეს. ბრაზილიური გრემიოს ინიციატივით კი ჩემპიონატის ყოველმა გუნდმა შაპეკოენსეს ფეხბურთელები უფასოდ უნდა დაუთმოს, რომ გუნდმა ჩემპიონატში ასპარეზობის გაგრძელება შეძლოს.

დღის ამბები