ევროპული უიკენდის მთავარი საფეხბურთო მოვლენა კატალონიაში კამპ ნოუზე გაიმართება, სადაც 232-ე ოფიციალური ელ კლასიკო ანუ ერთმანეთს ბარსელონა-რეალი დაუპირისპირდებიან. წინა 231 ოფიციალური შეხვედრიდან რეალმა 93 მოიგო, ხოლო ბარსელონამ - 90.
დღეს მოედანზე გავა ფეხბურთელი, რომელიც ამ დაპირისპირების ისტორიაში უკვე შევიდა: ყველაზე მეტი გოლის ავტორი ლიონელ მესია - 21, რომელმაც რეალს ბოლოს 2014 წელს გაუტანა. კამპ ნოუზე კი არგენტინელმა ბოლოს 2012 წელს მოახერხა სამეფო გუნდის კარის აღება. კრიშტიანო რონალდოს კი ბარსელონას კარში 16 გოლი აქვს გატანილი, აქედან 10 ბურთი პორტუგალიელმა ბლაუგრანას მოედანზე გაიტანა. წელს მთავარი მწვრთნელების რანგში ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან ლუის ენრიკე და ზინედინ ზიდანი. წინა კლასიკო, რომელიც ასევე კამპ ნოუზე გაიმართაზიდანის გუნდმა 1:2 მოიგო.
სატურნირო თვალსაზრისით რეალს უკეთესი მდგომარეობა აქვს. გუნდს 13 ტურის შემდეგ 33 ქულა დაუგროვდა და ბარსელონას 6 ქულით უსწრებს, წარმატების შემთხვევაში კი სამეფო კლუბი ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.
ერთადერთი უარყოფითი, რაც ამ შეხვედრას თან ახლავს ტრავმების სიმრავლეა. ამ მხრივ განსაკუთრებით რეალს არ გაუმართლა; ბეილი, მორატა, ფაბიო კოენტრაო და დანილო გუნდს ვერ დაეხმარებიან, ფაქტობრივად გამორიცხულია შუახაზის კიდევ ერთი ლიდერის - ტონი კროოსის თამაშიც. ბარსელონა უკეთესს მდგომარეობაშია - გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა ანდრეს ინიესტამ და სავარუდოდ ის ძირითად შემადგენლობაშიც იქნება. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას დააკლდება ფრანგი მატიე იქნება
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი
რეალი: ნავასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო, მოდრიჩი,კაზემირო, კოვაჩიჩი, რონალდო, ბენზემა, ვასკესი
232-ე ელ კლასიკო თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.