ისტორიაში პირველად- სამტრედია საქართველოს ჩემპიონია. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2016 წლის გარდამავალი გათამაშების ფინალში სამტრედიამ საჩხერის ჩიხურა ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ქალაქ სამტრედიაში ჩატარდა და ადგილობრივმა კლუბმა მეტოქე 2:0 დაამარცხა. მეორე მატჩი კი დინამო არენაზე გაიმართა, სადაც მასპინძლად ჩიხურა ითვლებოდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ანაგარიში ბუდუ ზივზივაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტით ბაჩანა არაბულმა გახსნა, მეორე ტაიმში კი დათუნაიშვილმა სამტრედიელთა უპირატესობა გაზარდა. მატჩის 81-ე წუთზე ჩიხურამ 1 გოლის გატანა შეძლო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი საბა ლობჟანიძემ თერთმეტმეტრიანის გატანა მოახერხა და საბოლოო ანგარიში - 2:2 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ბათუმის დინამო გახდა, რომელმაც მცირე ფინალში თბილისის დინამო 1:0 დაამარცხა.
ფოტო: GFF