2016 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა. წლის ტრადიციული შემაჯამებელი დაჯილდოება სპორტისა და ახალგზარდობის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა. ტალახაძის მთავარი კონკურენტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იყო, რომელიც 2016 წელს ასევე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
"ყველა აღიარება და ყველა ტიტული ჩემთვის სტიმულის მომცემია, რადგან მომავალში კიდევ უფრო მეტად მოვინდომო და ეს ტიტულები დავიცვა," - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ.
2016 წელს ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. რიოს თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა ატაცში 215, ხოლო აკვრაში 258 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალთან ერთად ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეკორდსმენიც გახდა. ასევე, 2016 წელს ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, რამდენიმე კვირის წინ კი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამარჯვება 2 რეკორდის დამყარებით მოიპოვა.
ღონისძიებაზე საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად მოჭიდავე ზვიად პატარიძე დასახელდა, საუკეთესო გუნდად საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, საუკეთესო ქალ სპორტსმენად კი ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი. საუკეთესო პარაოლიმპიელ სპორტსმენად ზვიად გოგოჭური აღიარეს.
2016 წელის ქართველი სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს წარმომადგენლებმა 850-მდე სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, რაც გასულ წელთან შედარებით 200-ით მეტია.