ლესტერ სიტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი კლაუდიო რანიერი გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მიიღო. ლესტერი ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს. აღსანიშნავია, რომ რანიერიმ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, სადაც მელიები პირველ მატჩში სტუმრად სევილიასთან 2:1 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ რანიერიმ ლესტერი 2015 წლის ივლისში ჩაიბარა და ეს კლუბი ისტორიაში პირველად გახადა პრემიერლიგის ჩემპიონი.