საქართველოს კალათბუთელთა ნაკრების კაპიტანმა და გოლდენ სტეიტის ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ და მისმა ოჯახმა სოციალურ ქსელში მუქარის წერილები მიიღო. საქმე ეხება სან-ანტონიოს ლიდერთან კავაი ლეონარდთან შეჯახებას, რის შემდეგაც ლეონარდმა ტრავმა მიიღო - ამ ფაქტმა კი სპურსის გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.
კავაი ლეონარდის ტრავმამ სან ანტონიოს მთავარი მწვრთნელის, გრეგ პოპოვიჩის აღშფოთებაც გამოიწვია, რომელმაც ფაჩულიას თამაში მკვლელობასაც კი შეადარა.
"ვის ანაღვლებს, ჰქონდა თუ არა მას განზრახვა. მკვლელობა, იცით, რა არის? შეიძლება საჭესთან იჯდე, ტელეფონზე მესიჯს აგზავნიდე და ვინმე გაიტანო. ამ დროს შენ ადამიანის მოკვლის განზრახვა სულაც არ გქონია, მაგრამ მაინც ციხეში მიდიხარ. მე მხოლოდ ის მანაღვლებს, რაც საკუთარი თვალით დავინახე და რაც სინამდვილეში მოხდა", - განაცხადა პოპოვიჩმა.
68 წლის მწვრთნელის განცხადება გაღიზიანებული გულშემატკივრებისთვის ერთგვარი წახალისებაც კი აღმოჩნდა და თავის დაზღვევის მიზნით, სკოლაში სადაც ფაჩულიას შვილები სწავლობენ დაცვა გაძლიერდა.
დღეს USA Today-სთან საუბარში ამ ფაქტს ქართველი კალათბურთელიც გამოეხმაურა.
"პოპოვიჩის სიტყვებმა დიდი გავლენა იქონია ბევრ ადამიანზე. ეს მესიჯი იყო გულშემატკივრებისთვის. ეს არ არის სწორი. სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე. დამემუქრონ მე, მაგრამ ჩემს ოჯახს თავი დაანებონ. . ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს ამასთან საერთო არაფერი აქვთ და მათ არაფერი დაუშავებიათ. ვერ ვიტან, რომ ჩემი ოჯახი ამის გამო ნერვიულობს. ისინი ამას არ იმსახურებენ,“ -განაცხადა ფაჩულიამ.
დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში გოლდენ სტეიტმა სან ანტონიო დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა და კონფერენციის გამარჯვებულიც გახდა.