21 დეკემბერი 2024,   20:07
ვრცლად
„არც იოცნებოთ" - "ქართული ოცნების" ნაწილი გამორიცხავს, რომ გუნდი სხვა დეპუტატებმაც დატოვონ

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატის, ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილებაა და პოლიტიკური პროცესების საფუძველი არ უნდა გახდეს.

მმართველი გუნდის ნაწილი ამტკიცებს, რომ გამორიცხულია საპარლამენტო უმრავლესობა გედევან ფოფხაძის გარდა, სხვა დეპუტატებმაც დატოვონ.

„არც იოცნებოთ,“- ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტის შეკითხვას, ხომ არ გახდება გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება უმრავლესობის სხვა დეპუტატებისთვის ბიძგის მიმცემი, რომ გუნდი დატოვონ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუკი გედევან ფოფხაძე გუნდს დატოვებს, „ქართული ოცნებისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება.

ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ წევრმა, სოფო კილაძემ, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა.

„არც „ევროპული საქართველო და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს ისეთ კანდიდატს არასდროს, რომელიც სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესს გაატარებს, აქედან გამომდინარე, რადგან ეს არის კვოტა უმცირესობის  და რადგან მათი პასუხისმგებლობაა, ვის წარმოადგენენ ამ პოზიციაზე, აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეჭირა მხარი ამ ქალბატონის კანდიდატურისთვის,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი, კობა ნარჩემაშვილიკი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უმცირესობის მიერ წარდგენილი რომელიმე კანდიდატისთვის მხარი უდნა დაეჭირა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები