პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რომლებიც ბრალდებულების 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა გაითვალისწინა და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მოტივით, ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით პროკურატურამ 3 პირი დააკავა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, მისი ყოფილი მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულისთვის 6 წლის შემდეგ აიყვანეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიების პროცესს მონიტორინგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი უწევდა, რადგან 2015 წელს ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა.