11 მაისი 2024,   07:07
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო ზვიად კუპრავას ბორის კაკუბავა დაემუქრა

პარლამენტის ყოფილი წევრი, ბორის კაკუბავა „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს დაემუქრა. ბორის კაკუბავა ზვიად კუპრავას ტელეფონით იმ დროს დაუკავშირდა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზიციის ხელმძღვანელი „კურიერს“ ინტერვიუს აძლევდა. სატელეფონო საუბარი „რუსთავი 2-ის“ კამერამ ჩაიწერა.

საუბრის დროს კუპრავა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის სიმამრს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებს სთხოვდა. ზვიად კუპრავა ამტკიცებს, რომ ამ სკანდალურ ვიდეომასალას სუბელიანი ინახავს და კადრების გასაჯაროების შესახებ მოლაპარაკებები მასთან ჰქონდა, შუამავალი კი კაკუბავა იყო.

კუპრავას თქმით, სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროში გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად მუშაობის დროს მირზა სუბელიანმა ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა და ფარცხალაძის კაბინეტში მიიყვანა, სკანდალური ვიდეომასალა კი შეინახა.

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა თბილისის პროკურატურას ამ საქმეზე ჩვენებაც მისცა.

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ექსპრემიერის ციხიდან გაყვანის კადრებით ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი პროკურატურას აშანტაჟებს და ცდილობს, მისი ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას აარიდოს. სუბელიანის შვილი 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. მისმა ახლო ნათესავმა მიხელ კალანდიამ კი ჩვენება ხუთჯერ შეცვალა.

პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ დაკითხვის შემდეგ კუპრავამ ვერ დაასახელა წყარო თუ საიდან ფლობს ინფორმაცია მირზა სუბელიანისა და მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კავშირის შესახებ.

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დღეს სკანდალური განცხადება გააკეთა მოკლული დავით სალარიძის მამამაც. ზაზა სარალიძე პროკურატურას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მოკლული მოსწავლის მშობელი დღეს პროკურორს შეხვდა. შეხვედრაზე მას ხმაურიანი განცხადებების გამო უსაყვედურეს და გაჩუმება მოსთხოვეს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები