საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ იქნება, დაახლოებით, ორწლიანი პერიოდი, რომ ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება.
ეს განცხადება, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ამბროლაურში ქართული ოცნების რეგიონულ კონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ქართული ოცნება ჩამოყალიბდება პარტიად, რომელიც აქტიურობს არა მარტო საარჩევნო პერიოდში, არამედ, მუდმივად, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც.
მისი თქმით, "2 წლის წინ პარტიის განვითარებისა და გაძლიერების შესახებ დასახული მიზნები და გაცემული დაპირებები პირნათლად არის შესრულებული". ამ პერიოდში კი
განსაკუთრებული ყურადღება პარტიის რეგიონული სამსახურის გაძლიერებას და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო, რამაც, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი პირობა გახდა პარტიის გუნდის გაძლიერება და განახლება".
"2 წლის თავზე კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული ეს დაპირება სათანადოდ იქნა შესრულებული და ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ წინ გველოდება ახლა საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებშიც, თქვენთან ერთად, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტია შემდგომ გაძლიერებს საჭიროებს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ 2-წლიან პერიოდს პარტია კიდევ უფრო განვითარებისთვის გამოიყენებს.
“ჩვენ გვექნება, დაახლოებით, ორწლიანი პერიოდი მომდევნო არჩევნებამდე იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი პარტია, მისი სტრუქტურები და ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აქტიურობს არა მარტო საარჩევნო პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია მუდმივად არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.