20 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
"ქართული ოცნების" განახლებული პოლიტსაბჭო - მმართველი გუნდი სხდომისთვის ემზადება 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი.

მმართველი გუნდი რამდენიმე საათში პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებისთვის ემზადება. ცვლილებების გარდაუვლობაზე თავად პარტიის წევრები მას შემდეგ საუბრობენ, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ პარტიის ლიდერებს შორის იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტიდან.

„პოლიტსაბჭოზე შევეხებით მრავალ საკითხს. მათ შორის ყრილობასთან დაკავშირებით და მის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე საუბარი იქნება ახალი პოლიტ საბჭოს შემადგენლობაზე, რომელიც მოქმედმა პოლიტსაბჭომ უნდა წარუდგინოს ყრილობას და ყრილობამ უნდა აირჩიოს შემდეგ ახალი შემადგენლობა. დღევანდელმა პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს მათ შორის ის საკითხი, რამდენ კაციანი შემადგენლობით იქნება, შემცირდება რაოდენობა და ეს იქნება უფრო ოპტიმალური და ეფექტიანი მუშაობაში, თუ დარჩება იგივე შემადგენლობა ან გაზრდილი შემადგენლობა, არ ვიცი რაზე ჩამოვყალიბდებით საბოლოო ჯამში,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის ლიდერები დეტალებს არ ახმაურებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახალ პოლიტსაბჭოს „ქართული ოცნება“ ყრილობაზე, ახალ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად დაამტკიცებს.

„პოლიტსაბჭო საჭიროებს გადახალისებას. პოლიტსაბჭოს წევრებს აქვთ თავად ეს დამოკიდებულება, რომ გადახალისება მოხდეს, იმიტომ, რომ ცხოვრება იცვლება დინამიურად. კონკრეტულ კანდიდატებზე არ იყო საუბარი, ყრილობისთვის ვემზადებით და შესაბამისად ყრილობაზე მოხდება განახლებული შემადგენლობის დამტკიცება, ისევე როგორც ახალი თავმჯდომარის არჩევა,“- აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

დღის ამბები