19 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს - რატომ ითხოვს ოპოზიცია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დასჯას ბრიუსელისგან

მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. "ღალატი და ჯაშუშობა" - ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება, ბარიერგადალახული პარტიების მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით. ევროკავშირის ლიდერებს, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, ფინანსური დახმარების შეჩერება, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მკაფიო განცხადების გაკეთება მოსთხოვეს. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ოპონენტების მორიგ ლუსტრაციაზე საუბრობენ.

ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა ბრიუსელში გაგზავნილი მოთხოვნები რომ მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, ამას ოპოზიციაში ადასტურებენ. ხელისუფლების ოპონენტები დღეს არ მალავდნენ, რომ ხელისუფლების დასჯა მათი მიზანია და ამისთვის მზად არიან, ყველა შესაძლო ხერხი გამოიყენონ.

ოპოზიციური პარტიების ფარული გზავნილი ბრიუსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ჩაიტანა. მისი თანაგუნდელები დღეს განმარტავდნენ, რომ სანქციები და ქვეყანაზე ზეწოლა მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. "ნაცმოძრაობა", ხელისუფლების შესაცვლელად, ბარიერგადალახული პარტიების ერთიანობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს.

ოპოზიცია რომ ხელოვნურად დივერსიფიცირებულია და რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" იდეურ ერთობას წარმოადგენს, ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. ოპონენტების ქმედება, დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში, ღალატის მანიფესტად გამოაცხადეს. თქვეს, რომ სურვილის მიუხედავად, ოპონენტებს ქვეყნის დაზიანება არ გამოუვათ.

ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგი სამი დღის წინ გამოაცხადა. ოპოზიცია ევროკავშირს ხელახალი არჩევნების ჩატარების მიზნით, ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები