ვინ დატოვებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღეს გახდება ცნობილი. პარტიის ყრილობამდე პოლიტიკური საბჭოს რეორგანიზაცია უკვე გადაწყვეტილია. პარტიის მოქმედი გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს რეორგანიზაციის მიზეზი გუნდში არსებული განხეთქილება არ არის.
რაც შეეხება პარტიის გენერალური მდივნის საკითხს, კალაძე წინასწარ არ საუბრობს დარჩება თუ არა ამ თანამდებობაზე.
„პოლიტსაბჭოში განხეთქილება არ ყოფილა. რაც შეეხება შემადგენლობას, დღეს არის პოლიტსაბჭოს შეკრება. თუ რა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი პოლიტსაბჭო დღეს გაიგებთ. 11 მაისს არის ყრილობა“ -აცხადებს კალაძე.
პოლიტსაბჭოში ცვლილებების გარდაუვალობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი. არ არის გამორიცხული, რომ პოლიტსაბჭოში მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც გადაინაცვლონ.
სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შესაძლოა იყოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი. თუმცა თავად ცქიტიშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს.