საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ხვალ 12:00 საათზე ჩაინიშნა. უკვე გადაწყვეტილია, რომ მოხსენების შემდეგ დეპუტატები გიორგი მარგველაშვილს კითხვებს დაუსვამენ და პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო მოხსენება დებატებით გაგრძელდება.
დებატების ინიციატორი 2013 წლის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პირველად არის. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები პრეზიდენტზე შტურმს მიიტანენ.
საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე იციან იმ საკითხთა ნაწილი ,რომელის ირგვლივაც გიორგი მარგველაშვილს დებატებში გამოიწვევენ.
უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ის ან მისი კოლეგა გიორგი მარგველაშვილს შეწყალებების შესახებ ჰკითხავს. მისივე თქმით, ძირითადი კითხვები მოხსენების შინაარსიდან გამომდინარე დაისმება, თუმცა იქნება სხვა შეკითხვებიც.
„არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. შესაძლოა გაჟღერდეს, ალბათ მოხსენების დროს, ჩვენმა კოლეგამ ან მე გავაჟღეროთ ასევე პოზიცია შეწყალებებთან დაკავშირებით. იქნება კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რომელიც დამოკიდებული იქნება პირველ რიგში პრეზიდენტის გამოსვლაზე“- აცხადებს ოხანაშვილი.