ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში შემავალ წევრთა რაოდენობა 21-დან 15-მდე შემცირდა. პარტიის მმართველი ორგანოს შემადგენლობაში აღარ არიან ზვიად გოგაძე, რომან კაკულია, ირაკლი სესიაშვილი, სოფო კილაძე, ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე და აკაკი ზოიძე.
საბჭოს ყოფილი წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია. როგორც აკაკი ზოიძე აცხადებს, პოლიტსაბჭო დაკომპლექტდა ისე, რომ უფრო მოქნილი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილისთვის.
„ჩემთვის პოლიტსაბჭოს წევრობა არასდროს არ ყოფილა თვითმიზანი. პოლიტსაბჭო პირველ რიგში არის ის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის კურსს, პარტიულ სტრუქტურებს აყალიბებს და სტრატეგიულ კურსს განსაზღვრავს და ამას აკეთებს პარტიის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარისთვის ყველაზე უფრო მოქნილი სტრუქტურა უნდა შექმნილიყო,“ -განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარტიის ახალ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, და კახა კალაძე.
მმართველი გუნდის სხდომა, სადაც პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დასახელდა, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გაიმართა. მას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.