ბიძინა ივანიშვილის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები და წმენდა მმართველი პარტიის ელიტაში - ქართული ოცნება პოლიტსაბჭოდან 14 ძველ წევრს უშვებს და მხოლოდ 8 ახალ კადრს ამატებს. ე.წ. ძველებსა და ახლებს შორის ბალანსი კვლავ დაცულია, მაგრამ ამოიწურა თუ არა შიდაპარტიული კონფლიქტი და გადარჩა თუ არა ოცნება, გაურკვეველია.
დღეს, პარტიის დაარსებიდან 7 წლისთავზე, გიორგი კვირიკაშვილმა პირველად თქვა, რომ პარტია ქართული ოცნება ინსტიტუციად ვერ ჩამოყალიბდა და არც გრძელვადიანი განვითარებისთვის არის მზად.
პარტიის მართვის სადავეებთან აღარ იქნებიან ოცნების დამფუძნებლები - ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ნოდარ ხადური და ზვიად კვაჭანტირაძე. ძველებს პოლიტსაბჭოში ახლები ცვლიან. პარტიულ თანამდებობას არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, ბიძინა გეგიძე, მაია ცქიტიშვილი და ილია ნაკაშიძე მიიღებენ.
ოცნებამ დღეს პოლიტსაბჭოს ახალი წევრები შეარჩია, თუმცა, საბოლოოდ მათ ნდობა პარტიის ყრილობაზე 11 მაისს უნდა გამოუცხადონ.
ის, ვინც პოსტის გარეშე დარჩა, ამბობს, რომ პარტიულ შეკრებამდე მათ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. დაბრუნებულ ლიდერთან მოლაპარაკებების შემდეგ, წასულებიც კმაყოფილები არიან.
პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას 11 მაისს ყრილობაზე წარადგენენ. მათ შორის თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად დაამტკიცებენ პოლიტიკაში უკან დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს. ყრილობის შემდეგ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს.