"ვიხსნათ საქართველო ივანიშვილის პირადი ლომბარდიდან" - მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მიმართვა საბანკო სექტორში არსებული ვითარების შესახებ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემის ახალ რეგულაციებს ეხმაურება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითებით დაწესდა და მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„ივანიშვილის დავალებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დააწესა ახალი რეგულაციები, რომლითაც შეუზღუდა მთელი რიგი კატეგორიების მოქალაქეებს სესხების აღება. მთელ რიგ ჩვენ თანამოქალაქეებს უთხრეს, რომ თქვენ საერთოდ აღარ გეკუთვნით სესხი, საერთოდ აღარ შემოგიშვებთ ბანკში და თქვენ ხართ განწირული სიღარიბისთვის. თქვენ ვერ შეძლებთ, განვადებით იყიდოთ რამე საქონელი, თქვენ ვერ შეძლებთ ელემენტალური რაღაცებისთვის, ბიზნესისთვის თუ პირადი მოხმარებისთვის ბანკიდან წამოიღოთ ფული,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა საქმიანობის მოქალაქეებზე, მათ შორის, ტაქსის მძღოლებზე, ძიძებზე, ასევე ხელოსნებზე და ა.შ.
„მარტო წინა ერთ თვეში ივანიშვილის ქონება გაიზარდა 50 მილიონით და ეს იმ ფონზე, როდესაც ამავე წლებში საქართველოს ვალი, ე.ი. თითოეული ჩვენგანის ვალი, გაიზრდა 9 მილიარდიდან 18 მილიარდამდე. ეს ვალი არის თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების, შვილიშვილების გადასახდელი და ამ ფულის უმეტესი ნაწილი მიითვისა ივანიშვილმა და ის უკვე დღეს უზის მას პირად ანგარიშზე და აისახება ფორბსის მილიარდერთა სიაში.
„ჩვენ უნდა დავამყაროთ წესრიგი ფინანსურ სფეროში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარიმები უნდა შეიზღუდოს, უსამართლო ვალების გასტუმრებაზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი, შეიქმნას საკრიზისო ფონდი, ავიღოთ უნგრული გამოცდილება ვალუტაში აღებული სესხების გასტუმრებაზე იმის გათვალისწინებით, რომ კურსმა არ უნდა დააზარალოს ხალხი და სხვა ნაბიჯები გადაიდგას ეკონომიკის გასათავისუფლებლად. აიკრძალოს არაპროფილურ ბიზნესებში ბანკების მონაწილეობა და ივანიშვილის მევახშოკრატია უნდა დამთავრდეს. ქვეყანა არის ვალად ჩადებული ივანიშვილის პირად ლომბარდში, ხდება მისი პირადი საკუთრება. ჩვენ უნდა დავიხსნათ საქართველო, სანამ დროა, ამ მევახშის ლომბარდისგან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.