20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
მიმაჩნია, რომ ნახევარი, მაგრამ პოზიტიური ნაბიჯია გადადგმული - ნინო ბურჯანაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

„მე ვფიქრობ, რომ მან ნაწილობრივ მაინც დაინახა ის პრობლემები, რომლებიც არსებობს,“ - ეს განცხადება დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ივანიშვილმა პარტიაში არსებული პრობლემები დაინახა და ამის გამო გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, რადგან მხოლოდ მას შეუძლია მართვა სიტუაციის.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მმართველი გუნდის ახალმა სახეებმა ძალაუფლების მინიჭების შედეგად დაიწყეს ქვეყნის მართვა, რამაც გუნდის შიგნით გაღიზიანება გამოიწვია.

„ყველა, ქართულ ოცნებაში ვინც არის, შეკრებილია არა ერთიანი მიზნების, ამოცანების ან ერთიანი ხედვების გამო, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მისი ფულის გამო, ბუნებრივია, ერთადერთი ავტორიტეტი იყო ივანიშვილი, რომელსაც ამ საკითხის მოგვარება შეეძლო მოეხერხებინა,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, ივანიშვილმა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი სახეები დატოვა იმიტომ, რომ უკეთ აკონტროლოს.

ბურჯანაძემ არჩევანის ეთერში აღნიშნა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პრემიერის თანამდებობიდან წასვლას აკრიტიკებდა, რადგან მიაჩნდა, რომ არაფორმალური მმართველობა არაჯანსაღი პროცესი იყო.

„ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ჩათვალა, რომ წავიდოდა ის ჩრდილში და იქიდანაც ადვილად მართავდა ქვეყანას და ვითარებას,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას საგარეო რეაქციებსაც ასახელებს, როდესაც ჩრდილოვან მმართველობას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებს.

"პირადად მე, მიმაჩნია, რომ ეს ნახევარი, მაგრამ პოზიტიური ნაბიჯია გადადგმული იმიტომ, რომ აბსოლუტურად სამარცხვინო იყო ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით. დღესაც სამარცხვინოა, მაგრამ აქამდე უფრო სამარცხვინო იყო, როდესაც შუა საუკუნეებივით გვმართავდა ფეოდალი, რომელსაც თანამდებობა არ ჰქონდა, მაგრამ ყველა და ყველაფერი მის ხელში იყო. ახლა რაღაც თანამდებობა მაინც აქვს, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანივით იქნება მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, რომელსაც მიაკითხავენ მთავრობის წევრები,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

დღის ამბები