იმას, რისი თქმის საშუალებაც პარლამენტში არ მისცეს, პრეზიდენტი სავარაუდოდ მედიასთან გაასაჯაროებს. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ მიუღიათ, წინასწარი ინფორმაციით კი შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი დღეს ჟურნალისტებს შეხვდეს. პარლამენტში განვითარებული მოვლენების შესახებ ბოლო შეფასებები კი დეპუტატებმა დღის ბოლოს გააკეთეს. უმრავლესობა კვლავ აცხადებს, რომ მარგველაშვილი მწვავე შეკითხვებს გაექცა.
"ვფიქრობ რომ ამ პირობის დაყენება პრეზიდენტს დასჭირდა მხოლოდ იმისთვის რომ უბრალოდ არ უნდოდა მოესმინა ის მოსაზრებები, რომლებიც გამოითქმებოდა დარბაზში,"-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.
"ამ ადამიანებმა როგორ შეიძლება ქვეყანა მართონ, ეს ადამიანები უბრალოდ ძალიან მშვიდად სახლებში უნდა გავუშვათ,"-აცხადებს ნიკა მელია.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე კი "ქართული ოცნების" ვიწროპარტიულ სიჯიუტეზე ამახვილებს ყურადღებას.
"სამწუხაროდ "ქართულმა ოცნებამ" ვიწროპარტიული სიჯიუტე კიდევ ერთხელ ვერ დაძლია, მათ შეეძლოთ დაეშვათ პოლიტიკური დებატები,"-აცხადებს ირაკლი აბესაძე.