20 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
"პრეზიდენტს არ აპასუხებინეს... ასე ესმით დემოკრატია, დებატებიც ასე ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ"-გიორგი აბაშიშვილი

პოლიტიკური დემარშის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირველ განმარტებას აკეთებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი „კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტს არ უცდია ფორმატის შეცვლა, რადგან თავად მმართველი გუნდის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იქნებოდა დებატები რისთვისაც გიორგი მარგველაშვილი ემზადებოდა. აბაშიშვილი ამბობს, რომ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტს არ მიეცა საშუალება პასუხი გაეცა დეპუტატებისთვის.

„პრეზიდენტს სიტყვა არ მისცეს, პრეზიდენტს არ აპასუხებინეს. სინამდვილეში ასე ესმით დემოკრატია, რომ ერთი პარტიის ძალაუფლება უნდა იყოს, ერთი პარტიაა ჭეშმარიტი. ერთმა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს. ისინი სხვა პოლიტიკურ სივრცეს არ ტოვებენ. სინამდვილეში დებატებიც ასე ესმით, რომ მარტო თვითონ უნდა ილაპარაკონ,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მმართველი გუნდის მიერ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მიერ არასწორად დასმულ აქცენტებს შეეხებოდა. გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ დეპუტატებმა როგორც ჩანს ვერ მოისმინეს ის სწორი  მესიჯები, რომლებიც პრეზიდენტმა გაახმოვანა.

„სად იყვნენ ეს დეპუტატები არ უსმენდნენ?,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი შავი პიარის მეთოდებს დახვეწავდა, გაუცრუვდა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის კრიტიკას პრეზიდენტის მიმართ იმის შესახებ, რომ მან არჩილ ტატუნაშვილი არ ახსენა, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი იყო პირველი ვინც პირველმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი.

გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ მისცეს უფლება, რომ ესაუბრა, ეს არის შიში. 

დღის ამბები