საქართველოს მე-4 პრეზიდენტის ბოლო ანგარიში და საკანონმდებლო ორგანოში განვითარებული მოვლენები დღესაც აქტუალურია. მმართველი გუნდი კვლავაც "მარგველაშვილის ხუშტურებზე" საუბრობს და აცხადებს, რომ დემარშით მან კრიტიკას თავი აარიდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, ამის ფონზე ძალიან კარგია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოებულია და საქართველოს მოსახლეობა ღირსეულ პრეზიდენტს აირჩევს.
„კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა იმას, რომ ინსტიტუციებთან ურთიერთობაში მას გააჩნია პრობლემა. ის ქვეყნის ინტერესებს ფაქტიურად ემიჯნება. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგი რომ მოახლოებულია საპრეზიდენტო არჩევნები და ძალიან კარგი, რომ მალე საქართველოს ეყოლება კარგი, ღირსეული პრეზიდენტი, ისეთი როგორსაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი პრეზიდენტს პარლამენტის უპატივცემულობაში სდებს ბრალს.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას უნდა გამოეჩინა მეტი ნებისყოფა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის უნდა გაეწია ანგარიში.
„სამწუხაროა, რომ მას პოლიტიკური მდგრადობა არ ეყო, ხუშტურით, ულტიმატუმის ენით დაიწყო საუბარი და გაიქცა ფაქტობრივად პარლამენტიდან“-ამბობს ოხანაშვილი.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის წინა წლის გამოსვლისას იმავე ფორმატში გაიმართა შეხვედრა. კახიანის თქმით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა რეგლამენტის შესახებ. მისი განცხადებით, შეხვედრის დაგეგმვის დროს, გიორგი მარგველაშვილს არ ჰქონია ფორმატის შეცვლის მოთხოვნა.
„ამის ფონზე, რა თქმა უნდა, იყო მოულოდნელი და გაუგებარი პრეზიდენტის ასეთი ქმედება“-აცხადებს კახიანი.