საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობასთან დებატებს სთავაზობს.
თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს მოსთხოვა კანონმდებლობის დარღვევა, რის მოტივადაც დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი დაასახელა. თალაკვაძისთვის გაუგებარია, როცა შეხვედრის ფორმატი მზადდებოდა, რატომ არ გამოთქვა პრეზიდენტმა ფორმატის შეცვლის სურვილი.
სწორედ ამიტომ, თალაკვაძე ამბობს, რომ უმრავლესობა მზად არის ღია ეთერში დაუსვას პრეზიდენტს კითხვები და მოისმინოს მისი არგუმენტები.
„თუ საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად სურს, რომ ჩვენს შეკითხვებს გასცეს პასუხი და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოგვაწოდოს ის ინფორმაცია, რაზეც გუშინ მიგვითითებდა და რაზეც გუშინ გვითხრა, რომ რეგლამენტის დარღვევით შეგვეცვალა განხილვის პროცესი, ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ მას, უმრავლესობასთან სატელევიზიო დებატებს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად ვართ, რომ უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ მას დავუსვათ ის კითხვები, ის მოსაზრებები ვუთხრათ, რომლის თქმასაც ვაპირებდით გუშინ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ პრივილეგირებულ მდგომაროებაში არ ჩააყენებენ არცერთ მედიასაშუალებას და კონკრეტული არხი, თუ სად შედგება დებატები, თავად მედიასაშუალებების შეთანხმების საგანია. მანამდე კი უმრავლესობა პრეზიდენტის პასუხს დაელოდება.
რაც შეეხება დებატებში მონაწილეობაზე უმრავლესობიდან წარმომადგენლობას, პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს იმსჯელოს კონკრეტულ პირებზე.