„პრეზიდენტმა გუშინდელი თავისი საპარლამენტო დღე, როგორც დაიწყო ცუდად, ისე დაასრულა ცუდად,“ -ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.
თეა წულუკიანის თქმით, პრეზიდენტს კითხვებზე პასუხი აუცილებლად უნდა გაეცა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტთან შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვაა დაგროვილი. წულუკიანის თქმით, მას პრეზიდენტთან აქვს კითხვები, რა კრიტერიუმებით იწყალებს ის მოქალაქეს.
„მე ვიცი ერთი რამ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების წესში რამდენიმე კვირის წინ განახორციელა ცვლილებები, რომლის თანახმადაც მან გაადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან,“ - განაცხადა მინისტრმა.
მთავრობის წევრები გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების აქტების საფუძვლიან შესწავლას და გამოძიების ჩატარებას მხარს უჭერენ, მათ შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან კითხვები აქვთ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, პრეზიდენტს პარლამენტთან შეწყალების საკითხთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ჩამოთვალა თეორიულად დასაშვები სამი ვერსია. კორუფცია, ჩემი აზრით, არის ტერმინი, რომელსაც შემდგომი იკვლევა სჭირდება, მინიმუმ, ალბათ, კარგი იქნებოდა, რომ გუშინ მისცემოდა საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს, რომ დებატების დროს ემსჯელათ შეწყალების საკითხებზე. მე ვფიქრობ, რომ ბევრ კითხვას პასუხს გასცემდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა,“ - განცხადა დავით სერგეენკომ.
შეწყალების საქმეებზე პრეზიდენტი პარლამენტის სპიკერმა საჯაროდ კორუფციაში დაადანაშაულა.