პარტიათა დაფინანსების კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ინტერპარტიული ჯგუფმა ვენეციის კომისიას მიმართა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კანონმდებლობა სატელიტ, ერთკაციან პარტიებს მოარგო და მათ წელიწადში მილიონიანი დაფინანსებაც მისცა.
ოპოზიცია ვენეციის კომისიის მკაცრ რეაგირებას ელოდება. ისინი ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადოს.
“ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან გამოიყენოს თავის კონსტიტუციური უფლება და ვეტო დაადოს კანონს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პარლამენტში და რომელიც აჩენს პოლიტიკური კორუფციის შესაძლებლობას, რადგან ერთ მაჟორიტარს ხელოვნურად უჩენს შესაძლებლობას, რომ უმრავლესობის დეპუტატების დაკომპლექტებით შექმნას ხელოვნურად ფრაქცია და მიიღოს უზარმაზარი სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიისგან საკითხზე სერიოზული რეაგირების მოლოდინია.
„ეს არის პოლიტიკური კორუფციის ძალიან ნათელი მაგალითი ხელისუფლების მხრიდან,“ - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ინფორმირება და შემდგომ მისი რეაგირება მნიშვნელოვანი იქნება.