მთავრობას მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო შეღავათების დაწესება სურს.
საკანონმდებლო პაკეტს დღეს დეპუტატები პირველი მოსმენით სესიაზე განიხილავენ. პროექტი მცირე მეწარმეებისთვის განსხვავებული დასაბეგრი რეჟიმის შემოღებასა და სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ტიპის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.
„მცირე ბიზნესის სტატუსი ეძლევათ იმ მეწარმეებს, რომელთა შემოსავალი აქამდე იყო 100 ათასი, მაგრამ ჩვენი გათვლებით იქნება უკვე ნახევარ მილიონამდე. ლარი ვისაც აქვს, თუ აქამდე ეს პირები იბეგრებოდნენ 5%-ით დაიბეგრებიან 1%-ით,“-განაცხადა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ.
ალტერნატიულ ინიციატივას სხდომაზე ოპოზიცია წარადგენს, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს ეწინააღმდეგება.
„მთავრობის მიერ შემოტანილი კანონპროექტი არასაკმარისი და ძალიან ფრაგმენტულია და არ ექნება ნამდვილი ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მაშინ როდესაც „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება არის, რომ აიწიოს ბრუნვის ზღვარი 100 ათასიდან 200 ათასამდე, როდესაც მცირე ბიზნესი დღგ-თი დაიბეგრება,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, ენმ-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტის ანალოგია და ის ერთხელ მთავრობამ, ბიუჯეტიდან თანხების დაკარგვის მოტივით, ჩააგდო. თუმცა რომან გოცირიძე ერთ მთავარ განსხვავებაზე მიუთითებს - „ქართული ოცნების“ პროექტი დღგ-ს მიმართულებით შეღავათებს არ ითვალისწინებს.