ხმაურიანი დებატებია მოსალოდნელი დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიცია მერიის მიერ გამოცხადებული იმ ტენდერის პირობებს აპროტესტებს, რომელიც თბილისში საპარკინგე ადგილების მოწყობას უკავშირდება.
დაპირებული 10-ის ნაცვლად ამ ეტაპზე 3 ადგილის მოწყობა იგეგმება, რის გამოც ოპოზიცია მერიას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
„დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ 10 საპარკინგე ადგილი მოიძებნება თბილისში და ათივეზე გამოცხადდება ტენდერი. ახლა გვეუბნებიან, რომ ვაცხადებთ სამზე. ამ სამზეც საუბარია არა საპარგინგე ადგილებზე, არამედ ვისაც მეტი ფული აქვს და ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში თურმე ორწელიწად-ნახევარში მივიღებთ პარკინგებს. ეს ორწელიწადნახევარი რა უნდა გავაკეთოთ? მაშინ როცა „სითი პარკი“ აღარ არის და არის „კალა პარკი“, რა მნიშვნელობა აქვს „სითი პარკი“ დაწერს ჯარიმებს თუ „კალა პარკი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
მიზეზებს განმარტავენ „ქართულ ოცნებაში“. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ინტერესთა გამოხატვის შემდეგ, შეირჩევა სხვა ლოკაციებიც.
„პირველ ეტაპზე არის შერჩეული სამი ლოკაცია, ვნახავთ რა იქნება ინტერესთა გამოხატვა ამ მიმართულებით, შემდეგ შეირჩევა დანარჩენი ლოკაციები. ზუსტ ვადებს ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არის გამოწვევა ჩვენთვის, შეიძლება ითქვას პირველი შემთხვევა, როდესაც მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. უპრეცედენტო პროექტი არის,“-აცხადებს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ჟორჟოლიანი.
თბილისის საკრებულოს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე, თბილისში ეკოლოგიის პრობლემებზეც იმსჯელებენ.