„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას დეპუტატები დღეს სესიაზე განიხილავენ.
საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე პუნქტში გაწერილი ინიციატივით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს.
სამშვიდობო ინიციატივა სამ კონრეტულ მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორისაა გამყოფი ხაზების გასწვრივ სხვადასხვა სახის ურთიერთობების წახალისება.
„გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ახალი შესაძლებლობების გზით, ასევე ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაფართოებას და გამარტივებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებლებისთვის.
სხვადასხვა სერვისსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მაგალითად იმ პირებისათვის ვისაც სურს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობა მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.