20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოდიან

მომავალ კვირას საქართველოს ევროპარლამენტართა დელეგაცია ეწვევა. თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის წევრები შეხვედრებზე აქცენტს რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე გააკეთებენ.

ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასაც გაეცნობიან და ინფორმაციას აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის მოსამზადებლად გამოიყენებენ.

„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ეს შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე კიბერუსაფრთხოებას, მაგრამ ვიზიტისას, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ოკუპირებულ ტერიტორიებს მიენიჭება. ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ ე.წ. საზღვართან და ვნახოთ ადგილზე რა ვითარებაა. გვსურს გავიგოთ დეტალები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებითაც""-აცხადებს ევროპარლამენტის წევრი კლერ მუდი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად საქართველოს მოიხსენიებს ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრი.

დევიდ მაკალისტერი ამბობს, რომ ევროპარლამენტმა უნდა გამოხატოს საქართველოსადმი სოლიდარობა.

„იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი გაიხსენებს იმ მოვლენებს, რომელიც 10 წლის წინ მოხდა საქართველოში. ყველა ქვეყანა იმსახურებს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და აღიარებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ ვიყავი საქართველოში, თქვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ამ დრომდე ოკუპირებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ და მგონია რომ, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი""-აცხადებს ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი.

ევროპარლამენტში სტუმრად იმყოფებოდა უკრაინის პატრიარქი ფილარეტი. მან საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინის ისევე, როგორც საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

„უკრაინა და ევროპა უნდა იყვნენ ერთიანი, უკრაინამ ევროპული ფასეულობები და ქრისტიანობა ჯერ კიდევ ათასი წლის წინ, ვლადიმირის დროს აირჩია. უკრაინა ევროპული ქვეყანაა და უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ადგილიც ევროპასა და ევროკავშირშია. ჩემი ქვეყნის მსგავსად თქვენც ომი გამოიარეთ რუსეთთან. ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ კაცობრიობის მოწინააღმდეგე აგრესორს. რუსული ეკლესია კი უნდა დადგეს სიმართლის მხარეს. როდესაც რუსული ეკლესია სიმართლის მხარეს იქნება, აგრესორს გვერდით ვეღარ დაუდგება“-ამბობს უკრაინის პატრიარქი ფილარეტი.

დღის ამბები