უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავებს.
ამის შესახებ სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას, რომელსაც თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხელმძღვანელობდა, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, შს მინისტრი, გიორგი გახარია, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მიიღეს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავებს და საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით იხელმძღვანელებს.
საუბარი შეეხო უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, სხვადასხვა უწყების მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებასა და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების როლს.
მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერითა და მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 10 აპრილს შეიქმნა