სამი გარდაცვლილი ბოლო 24 საათის განმავლობაში - ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზებს ექსპერტიზა ამ წუთებში ადგენს. თუმცა, წინასწარი ვერსიით, სამივე ახალი თაობის ნარკოტიკმა "მეფედრონმა" იმსხვერპლა.
გარდაცვლილები - კახა კიკნაძე და ლევან კალანდაძე, დღეს გამთენიისას ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდნენ. მეგობრები ვარაუდობენ, რომ სწორედ აქ მიიღეს მათ დაუდგენელი ნივთიერება, გამთენიისას სახლში მისულებმა კი დაიძინეს და ვერც ერთი ვეღარ გააღვიძეს.
მეგობრების თქმით, გარდაცვლილებს შესაძლოა, კლუბური ნარკოტიკი ჰქონდათ მიღებული, თუმცა, ისინი ვარაუდობენ, რომ მათი სიკვდილი ე.წ. აბაზანის მარილმა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ძველი თბილისის პოლიციაში დაკითხეს ის პირები, რომლებიც გარდაცვლილებს იცნობდნენ. კურიერის ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ასევე ის პირები, ვინც გუშინ საღამოს მათთან ერთად იმყოფებოდნენ ერთი-ერთ კლუბში.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი თაობის ნარკოტიკით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 10-ს აღწევს. 15 ადამიანი კი გადაყვანილია კლინიკებში. ყველა პაციენტი, ვინც ექიმებმა გადაარჩინეს, საავადმყოფოში კომატოზური მდგომარეობაში მოხვდა.
ახალი თაობის ნარკოტიკი "მეფედრონი" პირდაპირ გულის გაჩერებას იწვევს. ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე არასამთავრობოები კი ამბობენ, რომ ბოლომდე ექიმებმაც არ იციან, როგორ უნდა გამოიყვანონ აბაზანის მარილით კომაში ჩავარდნილი ადამიანები მდგომარეობიდან.