„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე შეარჩია და განსახილველად ბიძინა ივანიშვილს წარუდგინა. ინფორმაციას „კურიერს“ მმართველი პარტიის დეპუტატები უდასტურებენ, თუმცა პარტია კანდიდატის წარდგენას ივლისამდე არ აპირებს.
„კურიერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარტიაში დაბრუნების შემდეგ ივანიშვილი პირადად მართვას კონსულტაციებს მის გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ. ექსპრემიერმა თანაპარტიელებს ისიც უთხრა, რომ რამდენიმე კანდიდატმა მას საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვაზე უარი უთხრა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მან თავად 2 კანდიდატურა წარუდგინა და ერთ-ერთ კანდიდატურაზე მათი აზრები დაემთხვა. ჭკუასელი თავს იკავებს დაასახელოს კანდიდატის სახელი და გვარი, თუმცა, აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირების პრეზიდენტობის კანდიდატად დათანხმება, ჯერჯერობით უჭირთ.
„ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს, თქვენი მნა მორჩილიც არჩევს და ძალიან ბევრი ადამიანი არჩევს, უბრალოდ მერე უნდა შევაჯეროთ. მეც რამდენიმე კანდიდატურა შევთავაზე და სხვათა შორის, ძალიან საინტერესო კანდიდატურები. მე თვითონ 2 ადამიანი, ბევრი არა, მაგრამ ცოტა დათანხმება ჭირს ადამიანების და ვნახოთ, რა იქნება. თვითონაც ფიქრობდა თურმე ამ ადამიანზე და დაემთხვა, ჩვენი აზრები,“ - აცხადებს თეიმურაზ ჭკუასელი.