ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაურის ფონზე წარიმართა. მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილი ინიციატივით გამოდის, რომ პროექტზე მსჯელობა კიდევ ერთი თვით გადაიდოს, თუმცა, პროექტი ისედაც ერთი წელია საკანონმდებლო ჩიხშია შესული და დროის დაკარგვას დეპუტატების ერთი ნაწილი არ ემხრობა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის თქმით, ბოლო პერიოდში ახალგაზრდების გარდაცვალება კანონის მიუღებლობით არ არის განპირობებული.
„დღეს მოვისმინე რამდენიმე განცხადება იმის თაობაზე, თითქოს, ეს ფატალური შედეგი სწორედაც კანონის მიუღებლობით არის განპირობებული, რაც სიმართლიდან არის ძალიან შორს. არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხის დროს კანონზე მსჯელობის დაწყება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გუნდი რამდენიმე კვირაში შეძლებს ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას.
„ჩემი აზრით, ჩვენ რამდენიმე კვირაში შევძლებთ ალბათ, რომ ამოვწუროთ რესურსი თუ რამე არსებობს კონსესუსი მთელ რიგ საკითხებზე და უკვე მერე გამოვიტანოთ სამსჯავროზე,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ნარკორეალიზატორების მიმართ შეუწყნარებელია, თუმცა, ნარკომომხმარებლების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას არ ახორციელებს.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი უმრავლესობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს.
„ამაზე უარესი არაფერი არ შეიძლება ხდებოდეს, როდესაც სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ არ იცის უბრალოდ თუ რა პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება. ამ ვითარებაში შეიძლება ვიღაცამ ხელი მოითბოს, ვიღაცა რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლი გახდეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ ერთი თვე კვლავ კონსულტაციებს დაეთმობა და კანონპროექტზე მსჯელობას კომიტეტებში სწორედ ივნისიდან დაიწყებენ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.