ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მომავალშიც გავაგრძელოთ წარმატებული სვლა ევროპისკენ - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე ისაუბრა.
კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცეს.
პრემიერის თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემუშავდეს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელშიც აისახება ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საგზაო რუკა ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
„აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით და მინდა, კომისიის ყველა წევრს მოგილოცოთ ეს წარმატება. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საამაყო ის, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველას მიერ აღიარებული ლიდერია განხორციელებული რეფორმებით, მიღწეული შედეგებით. მინდა, თქვენს ყველა თანამშრომელს ჰქონდეს ეს განცდა და ყველას გადასცეთ მადლობა. ჩვენი სტრატეგიული მიზანი - ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ფართო ჩართულობით და ყველა უწყების აქტიურობით მიიღწევა, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომლის დევიზია „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“, შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, წლის ბოლომდე შემუშავდება.
მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციაზე ასევე ფართო კონსულტაციები გამართოს მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ვინაიდან ეს გეგმა აბსოლუტურად ყველასი, თითოეული მოქალაქის უნდა იყოს.