„პატრულირების თემა ამ საკითხს ვერ წყვეტს,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ხნულების გავლების შეფასებისას გააკეთა.
გიორგი ვოლსკის თქმით, ოკუპანტებმა ხნულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაავლეს.
„დაპირისპირება შესაძლებელია, რასაკვირველია, თუმცა, შემოხაზვა, ხნულების გავლება მიმდინარეობს იმ ხაზზე, რომელიც 2007 წლის ბრძანებულებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადგინა, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდის საზღვარი და ომის შემდეგ, რომელიც უკანონოდ არის ჩატარებული რუსეთის მიერ, ოკუპაცია უკანონოდ არის განხორციელებული, სწორედ ამ ხაზს მიუყვება ეს ხნული,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ოკუპანტები სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ. მათ ე. წ. Дт-ს ტიპის ბრონირებული 2 ტრაქტორით 17 კმ-ის პერიმეტრზე ხნული გაავლეს.